დავით გაბაიძე
← მოსაზრებები

მოსაზრება / აჭარის ისტორია და ავტონომია

21 სექტემბრის მისალმება, რომლის უკან აჭარის ისტორიული არჩევანი იდგა

21 სექტემბრის მისალმება, რომლის უკან აჭარის ისტორიული არჩევანი იდგა

1919 წლის 21 სექტემბერს საქართველოს დამფუძნებელ კრებაში სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის წარმომადგენლებს საზეიმოდ მიესალმნენ — ეს იყო არა მხოლოდ საპარლამენტო ჟესტი, არამედ აჭარის ისტორიული არჩევანისადმი გამოხატული მხარდაჭერა.

ზუსტად 107 წლის წინ, 1919 წლის 21 სექტემბერს საქართველოს დამფუძნებელ კრებაში სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის წარმომადგენლებს საზეიმოდ მიესალმნენ. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება ჩვეულებრივ საპარლამენტო ეპიზოდად მოგვეჩვენოს, თუმცა მის უკან აჭარისა და დედასამშობლო საქართველოს ურთიერთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესი იდგა.

იმხანად ბათუმის ოლქი ბრიტანეთის სამხედრო კონტროლის ქვეშ რჩებოდა და რეგიონის მომავალი ჯერ კიდევ საერთაშორისო დაპირისპირების საგანი იყო. ამ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა თავად ადგილობრივი მოსახლეობის პოზიციამ. 1919 წლის 31 აგვისტოს ბათუმში შეკრებილმა მუსლიმან ქართველთა წარმომადგენლების ყრილობამ ისტორიული არჩევანი გააკეთა და მხარი დაუჭირა ბათუმის ოლქის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შეერთებას ფართო ავტონომიის საფუძველზე. იმავე ყრილობამ აირჩია სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი, რომელსაც სათავეში მემედ აბაშიძე ჩაუდგა.

აქ იკვეთება აჭარის პოლიტიკური ისტორიის ერთ-ერთი საინტერესო პარადოქსი. სახელმწიფოებრივ პრაქტიკაში ავტონომია ხშირად გამოიყენება უკვე არსებული ერთიანობის შესანარჩუნებლად მაშინ, როდესაც რეგიონი ცენტრისგან მეტ თვითმმართველობას ან გამიჯვნას მოითხოვს. აჭარის შემთხვევაში კი პოლიტიკური ლოგიკა განსხვავებული იყო. ავტონომია არსებული სახელმწიფოებრივი ერთიანობის შენარჩუნების კი არა, ისტორიულ სამშობლოსთან სახელმწიფოებრივი კავშირის აღდგენის ფორმულად იქცა. ამ მოდელის არსი სწორედ ის იყო, რომ რეგიონის რელიგიური, კულტურული და ადგილობრივი თავისებურებები ერთიან ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცესთან შეთავსებულიყო.

ამიტომაც 21 სექტემბერს მეჯლისის წარმომადგენლების მიღება დამფუძნებელ კრებაში უბრალო საპარლამენტო ჟესტი კი არა, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელთა პოლიტიკური არჩევანისადმი საჯაროდ გამოხატული მხარდაჭერა იყო.

მოგვიანებით ეს პრინციპი 1921 წლის კონსტიტუციამაც განამტკიცა და სამუსლიმანო საქართველო (ბათომის მხარე) საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილად განისაზღვრა. ამავე დროს მას ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა მიენიჭა.

ამით, ერთი შეხედვით თითქოსდა ურთიერთსაპირისპირო ცნებები „განუყოფელი“ და „ავტონომიური“, ბუნებრივად შეერწყა ერთმანეთს და იმ ისტორიულ მოცემულობაში ავტონომია რეგიონის დედასამშობლოსთან დაბრუნების გზად იქცა.