დავით გაბაიძე
← მოსაზრებები

მოსაზრება / პოლიტიკა და საზოგადოება

პოლიტიკური ქანქარა

პოლიტიკური ქანქარა

რატომ იცვლება საზოგადოებრივი განწყობა ერთი უკიდურესობიდან მეორემდე და როგორ შეიძლება არჩევანის შეცვლა წარსულის სრული უარყოფის გარეშე? პოლიტიკური მოლოდინის, იმედგაცრუებისა და პოლარიზაციის შესახებ.

პოლიტიკურ ცხოვრებას თავისი რყევები ახასიათებს. ზოგჯერ საზოგადოებრივი განწყობები თანდათან იცვლება, ზოგჯერ კი იმდენად მკვეთრად, რომ საზოგადოება ერთი პოლიტიკური მდგომარეობიდან თითქმის მის საპირისპიროში გადადის. გუშინდელი გმირი დღევანდელ მტრად იქცევა, გუშინდელი მტერი კი ახალ მხსნელად; იმედგაცრუება იმედს ცვლის, იმედი კი იმედგაცრუებას. ასე მოძრაობს პოლიტიკური ქანქარა.

საზოგადოებრივი განწყობის ცვლილებაში არაფერია უჩვეულო. დემოკრატიული პოლიტიკის ერთ-ერთი არსებითი ნიშანი სწორედ ის არის, რომ ადამიანები ცვლიან შეხედულებებს, აფასებენ პოლიტიკურ სუბიექტებს და ახალ არჩევანს აკეთებენ. პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც შეფასებას ემოციური უარყოფა ანაცვლებს, იმედგაცრუებას კი ახალი იდეალიზაცია, ხოლო ერთი უკიდურესობიდან გამოსვლა ავტომატურად მეორეში გადასვლას ნიშნავს.

პოლიტიკური ისტორია არაერთ ასეთ ეპიზოდს გვთავაზობს. მაღალი მოლოდინი ხშირად შეცვლილა მკვეთრი იმედგაცრუებით, ძლიერი მხარდაჭერა კი — თითქმის სრული უარყოფით. ეს მხოლოდ პოლიტიკური ძალების მონაცვლეობაში არ ვლინდება; ქანქარა ერთი ძალის შიგნითაც შეიძლება მოძრაობდეს.

პოლიტიკური არჩევანი თითქმის ყოველთვის მოლოდინთანაა დაკავშირებული. საზოგადოება ელოდება უკეთეს ეკონომიკურ მდგომარეობას, მეტ სამართლიანობას, უსაფრთხოებასა და ეფექტიან ინსტიტუტებს. სირთულე მაშინ იწყება, როდესაც მოლოდინი რეალურ შესაძლებლობებს სცდება. ინსტიტუტებს საკუთარი ინერცია აქვთ, ეკონომიკურ პროცესებს საკუთარი დრო, ხოლო საერთაშორისო გარემოს კი თავისი შეზღუდვები. გამარჯვების შემდეგ იწყება ის, რაც მანამდე ნაკლებად ჩანს - რეალობასთან შეჯახება.

საზოგადოებრივი აზრის ამგვარი რეაქციის საინტერესო ახსნა შემოგვთავაზა ამერიკელმა პოლიტოლოგმა კრისტოფერ ვლეზიენმა. მან საზოგადოებრივი აზრისა და სახელმწიფო პოლიტიკის ურთიერთმიმართება „თერმოსტატის“ მოდელით აღწერა. მისი ლოგიკით, როდესაც პოლიტიკა მნიშვნელოვნად გადაადგილდება ერთი მიმართულებით, იმავე მიმართულებით დამატებითი მოძრაობის მოთხოვნა შეიძლება შემცირდეს და საპირისპირო კორექციის მოთხოვნა გაიზარდოს.¹

ეს მეტაფორა პოლიტიკური ქანქარის გასაგებადაც გამოსადეგია. გუშინ აუცილებელი ცვლილება ხვალ შეიძლება გადაჭარბებად მოგვეჩვენოს, ხოლო ადრე მისაღები კურსი მოგვიანებით კორექციას საჭიროებდეს. პრობლემა თავად კორექცია კი არ არის, არამედ ის მომენტი, როდესაც იგი გააზრებული შეფასების ნაცვლად წინა არჩევანის სრულ უარყოფად იქცევა. საზოგადოება აღარ ამბობს: „აქ შევცდით, ეს უნდა შევცვალოთ, ეს კი შევინარჩუნოთ“. იგი ამბობს: „ყველაფერი შეცდომა იყო“.

ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის ასახსნელად საინტერესოა ალბერტ ჰირშმანის მოსაზრებაც. მისი აზრით იმედგაცრუებას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ქცევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭევა და მსჯელობს იმაზე, რატომ შეიძლება ერთი მიმართულებით მიღებულმა გამოცდილებამ საზოგადოება საპირისპირო არჩევანისკენ უბიძგოს.² პოლიტიკაში იმედგაცრუებას შეუძლია ახალი მოთხოვნა წარმოშვას. თუ საზოგადოება კონკრეტულ სუბიექტთან ძალიან დიდ მოლოდინს აკავშირებს და ეს მოლოდინი ვერ სრულდება, ჩნდება სრულიად საპირისპირო არჩევანის სურვილი. აქ ადვილად იბადება ახალი ილუზიაც, თუ ძველი არჩევანი ცუდი აღმოჩნდა, მისი საპირისპირო თითქოს ავტომატურად სწორი უნდა იყოს. მაგრამ ერთი სუბიექტის წარუმატებლობა მეორის წარმატების მტკიცებულება არ არის. ერთის შეცდომა არ ნიშნავს, რომ მისი მოწინააღმდეგის ყველა პოზიცია სწორი იყო, ისევე როგორც წარმატება ვერ გაამართლებს ყველა შეცდომას.

ქანქარის კიდევ ერთი მამოძრავებელი ძალა პოლარიზაციაა. პოლიტიკური განსხვავება დემოკრატიისთვის ბუნებრივიცაა და აუცილებელიც, მაგრამ პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც განსხვავებული შეხედულება ადამიანის მთლიან შეფასებად გარდაიქმნება. თანამედროვე პოლიტიკური მეცნიერება ამ მოვლენას ხშირად „აფექტური პოლარიზაციის“ ცნებით აღწერს. პოლიტიკური კუთვნილება შეიძლება სოციალური იდენტობის ფორმად იქცეს, რის შედეგადაც საკუთარი ჯგუფის მიმართ დადებითი, ხოლო მეორე ჯგუფის მიმართ უარყოფითი ემოციური დამოკიდებულება ძლიერდება.³

ასეთ გარემოში გადაწყვეტილება მხოლოდ შინაარსით აღარ ფასდება. მნიშვნელოვანი ხდება ისიც, ვინ მიიღო იგი. ერთი და იგივე იდეა შეიძლება მისაღები იყოს, როდესაც მას „ჩვენიანი“ ამბობს, და მიუღებელი, როდესაც მას მოწინააღმდეგე იმეორებს. მთავარი კითხვა ხდება: „ვის მხარეს ხარ?“ ამ დროს ქანქარას უკვე არა მხოლოდ შეცვლილი გარემოებები, არამედ დაგროვილი ემოციაც ამოძრავებს.

ამ პროცესს წარსულის სწრაფი გადაფასებაც აძლიერებს. ყოველი ახალი პოლიტიკური ეტაპი წარმოშობს ცდუნებას, ისტორია დღევანდელი ინტერესებიდან წავიკითხოთ. გუშინდელი წარმატება შეიძლება დღეს სრულიად გაუფასურდეს, ხოლო გუშინდელი შეცდომა ისეთი მასშტაბით გაიზარდოს, თითქოს მთელი წარსული მხოლოდ მისგან შედგებოდა. წარსულის ხელახლა შეფასებაც ბუნებრივია, მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ არა მხოლოდ ის, რაც დღეს ვიცით, არამედ ისიც, რა იცოდნენ მაშინ, რა ალტერნატივები არსებობდა და რა შეზღუდვებში მიიღებოდა გადაწყვეტილება. ეს პასუხისმგებლობის მოხსნას არ ნიშნავს; პირიქით, მხოლოდ ასეთი მიდგომით შეიძლება მისი ზუსტად განსაზღვრა.

პოლიტიკური ქანქარის პირობებში განსაკუთრებით რთულია ზომიერი პოზიციის შენარჩუნება. არა იმ მნიშვნელობით, რომ ადამიანს პოზიცია არ ჰქონდეს. პირიქით, მას შეიძლება მკაფიო პოლიტიკური პოზიცია ჰქონდეს და მაინც შეეძლოს მოწინააღმდეგის სწორი ნაბიჯის აღიარება ან საკუთარი თანამოაზრის შეცდომის დანახვა. სწორედ ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ერთ-ერთი რთული ფორმა. აუცილებელია თუ არა გუშინდელი გმირის სრულად განადგურება იმისათვის, რომ მისი შეცდომა ვაღიაროთ? აუცილებელია თუ არა ძველი არჩევანის მთლიანად უარყოფა იმისათვის, რომ ახალი გავაკეთოთ? და აუცილებელია თუ არა ყოველი ახალი პოლიტიკური სუბიექტი ჯერ მხსნელად გამოვაცხადოთ, რათა შემდეგ კვლავ მტრად ვაქციოთ?

საზოგადოების პოლიტიკური სიმწიფის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ ის არის, თუ რამდენად შეუძლია მას ამ რყევების მიღმა რეალობის დანახვა და განსხვავება კრიტიკასა და სიძულვილს, იმედსა და ილუზიას, პოლიტიკურ ოპონენტსა და მტერს შორის.

შეიძლება თუ არა ქანქარის შეჩერება? ალბათ არა. საზოგადოებრივი განწყობები შეიცვლება, პოლიტიკური სუბიექტები დაკარგავენ და მოიპოვებენ ნდობას, გაჩნდებიან ახალი ლიდერები და ძველი იდეები ახალი ფორმით დაბრუნდება. ეს პოლიტიკის ბუნებრივი ნაწილია. ამიტომ მთავარი კითხვა ის კი არ არის, როგორ გავაჩეროთ ქანქარა, არამედ რამდენად დიდი უნდა იყოს მისი რხევის ამპლიტუდა.

საზოგადოებრივი განწყობების ცვლა გარდაუვალია. მთავარი ისაა, ცვლილებასთან ერთად არ დავკარგოთ შეფასების უნარი. წარსულში დავინახოთ არა მხოლოდ შეცდომები, არამედ შესანარჩუნებელიც, ახალში კი არა მხოლოდ იმედი, არამედ რეალური შესაძლებლობებიც. პოლიტიკური სიმწიფე მაშინ იწყება, როდესაც არჩევანის შეცვლა აღარ მოითხოვს წინა არჩევანის სრულ უარყოფას, ხოლო იმედგაცრუება კი ახალი მხსნელის ძიებას.

ქანქარა შეიძლება მოძრაობდეს, მაგრამ აუცილებელი არ არის საზოგადოება მის ყოველ რხევას უკიდურესობამდე გაჰყვეს.

სქოლიოები

1. Christopher Wlezien, “The Public as Thermostat: Dynamics of Preferences for Spending,” American Journal of Political Science 39, no. 4 (1995): 981–1000. DOI: 10.2307/2111666.

2. Albert O. Hirschman, Shifting Involvements: Private Interest and Public Action (Princeton, NJ: Princeton University Press, 1982; 20th Anniversary ed., 2002).

3. Shanto Iyengar, Gaurav Sood, and Yphtach Lelkes, “Affect, Not Ideology: A Social Identity Perspective on Polarization,” Public Opinion Quarterly 76, no. 3 (2012): 405–431. DOI: 10.1093/poq/nfs038.