პოლიტიკური აბილინი შეიძლება იყოს ნებისმიერ გადაწყვეტილება, სტრატეგია, პროექტი, საკადრო არჩევანი, განცხადება ან ნებისმიერი სხვა რამ, რომლისკენაც ადამიანთა ჯგუფი დიდი ენთუზიაზმის გარეშე, მაგრამ საოცარი ერთსულოვნებით მიემართება, ხოლო როდესაც მოგვიანებით ყველაფერი ცუდად მთავრდება, ჩნდება კითხვა: „საერთოდ რატომ წავედით იქ?“
წარმოიდგინეთ ოჯახი ტეხასში. გარეთ აუტანელი სიცხეა. ოჯახი მშვიდად ზის სახლში, სვამს ცივ ლიმონათს და თამაშობს დომინოს. მოკლედ, არსებული მდგომარეობით ყველა კმაყოფილია. უცებ ოჯახის ერთ-ერთი წევრი ამბობს: „აბილინში ხომ არ წავიდეთ სადილად?“
აბილინი არ არის მეზობელი ქუჩა, რომ უცებ გადაირბინო. წინ გრძელი გზაა, რომელსაც ემატება სიცხე, მტვერი და ავტომობილი კონდიციონერის გარეშე. ოჯახის ერთ-ერთ წევრს საერთოდ არ უნდა წასვლა. მაგრამ ფიქრობს, რომ სხვებს უნდათ. მეორე ამბობს, რომ „კარგი აზრია“, თუმცა სინამდვილეში არც მას უნდა წასვლა. მესამე ხედავს, რომ ორი ადამიანი თითქოს უკვე თანახმაა და ფიქრობს: მე თუ უარს ვიტყვი, ყველას გეგმას ჩავუშლი. ისიც თანხმდება. თანხმდება მეოთხეც. რამდენიმე წუთში ოჯახი სრულიად „ერთსულოვნად“ მიემგზავრება აბილინისკენ.
მგზავრობა საშინელია, საჭმელიც ცუდი აღმოჩნდება. რამდენიმე საათის შემდეგ ოჯახის წევრები დაღლილები და გაღიზიანებულები ბრუნდებიან სახლში. მხოლოდ შინ დაბრუნების შემდეგ ირკვევა, რომ წასვლა სინამდვილეში არც ერთ მათგანს არ სურდა. ყველა წავიდა იმიტომ, რომ ეგონა ეს დანარჩენებს სურდათ.
ამ ისტორიით ამერიკელმა მენეჯმენტის მკვლევარმა ჯერი ბ. ჰარვიმ აღწერა ფენომენი, რომელსაც აბილინის პარადოქსი ეწოდა. მისი არსი მარტივია - ადამიანთა ჯგუფმა შეიძლება ერთხმად მიიღოს გადაწყვეტილება, რომელსაც სინამდვილეში არც ერთი წევრი არ ემხრობა. უცნაურია მაგრამ ასეთი მდგომარეობა პოლიტიკისთვისაც არც თუ ისე უცხოა.
და მაინც სად არის პოლიტიკური აბილინი?
პოლიტიკური აბილინი შეიძლება იყოს ნებისმიერ გადაწყვეტილება, სტრატეგია, პროექტი, საკადრო არჩევანი, განცხადება ან ნებისმიერი სხვა რამ, რომლისკენაც ადამიანთა ჯგუფი დიდი ენთუზიაზმის გარეშე, მაგრამ საოცარი ერთსულოვნებით მიემართება, ხოლო როდესაც მოგვიანებით ყველაფერი ცუდად მთავრდება, ჩნდება კითხვა:
„საერთოდ რატომ წავედით იქ?“ პასუხიც ხშირად ასეთია: „მე მეგონა, თქვენ გინდოდათ.“ „ჩვენ კი გვეგონა, შენ გინდოდა.“ სწორედ ამაშია აბილინის პარადოქსის მთელი ირონია.
აღნიშნულის კიდევ უფრო ნათლად აღსაქმელად შეგვიძილია წარმოვიდგინოთ აბსტრაქტული კოლეგიური ორგანო, საბჭო, ლიდერთა გუნდი, კომიტეტი და ა.შ. ოთახში ათი ადამიანი ზის. წინადადება დევს მაგიდაზე. პირველი ფიქრობს, რომ ეს კარგი იდეა ნამდვილად არ არის. მაგრამ ხმას არ იღებს, რადგან ფიქრობს, რომ უფროსს მოსწონს. მეორეც ფიქრობს, რომ აქ პრობლემაა, მაგრამ ხედავს, რომ პირველი ჩუმადაა და ასკვნის, რომ „როგორც ჩანს, წინააღმდეგი მხოლოდ მე ვარ.“ მესამესაც არ მოსწონს, თუმცა უკვე ორი ადამიანის დუმილი მისთვის თანხმობის ნიშნად იქცევა. მეოთხე დარწმუნებულია, რომ იდეა ცუდია, მაგრამ ფიქრობს, რომ ალბათ სხვებს რაღაც ინფორმაცია აქვთ, რომელიც მე არ მაქვს. მეხუთეს კარიერა ახსენდება, მეექვსეს - თანამდებობა, მეშვიდეს - პარტიული დისციპლინა. მერვე უბრალოდ დაიღალა. მეცხრე ფიქრობს, რომ ახლა კამათის დრო არ არის. მეათე კი საკუთარ თავს ეუბნება: „ყველა თუ თანახმაა, მე რატომ უნდა ვთქვა?“
ბევრი, რომ აღარ გავაგრძელოთ, სხდომის თავმჯდომარე კითხულობს: ,,ვინ არის წინააღმდეგი“? სიჩუმეა. შემდეგ არის „მიღებულია ერთხმად“ და პოლიტიკურ აბილინშიც გავემგზავრეთ.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სხდომის დასრულების შემდეგ დერეფანში შეიძლება იგივე ათი ადამიანი შეხვდეს ერთმანეთს და თქვას, რომ „მე თავიდანვე ვიცოდი, რომ ცუდი გადაწყვეტილება იყო“ და თითოეულ მათგანს შეიძლება თავისი სიმართლეც ჰქონდეს.
დუმილი ყოველთვის თანხმობა არ არის და აბილინის პარადოქსის მთავარი ირონიაც სწორედ აქ არის. გარედან ჩანს კონსენსუსი. შიგნით კი შეიძლება ათი განსხვავებული ეჭვი არსებობდეს. პრობლემა ამ შემთხვევაში უთანხმოება არ არის. პირიქით, პრობლემა ისაა, რომ ადამიანები ერთმანეთის თანხმობას ხედავენ იქ, სადაც სინამდვილეში თანხმობა საერთოდ არ არსებობს. თითოეული ცდილობს, სხვების სავარაუდო სურვილს მოერგოს. საბოლოოდ კი ჯგუფი იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც არც ერთი მათგანი ცალკე აღებული არ აირჩევდა.
პოლიტიკაში დუმილს ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. „თუ ახლა წინააღმდეგობას გამოვხატავ, არალოიალურად ჩამთვლიან.“ „თუ ყველა სხვა თანახმაა, ალბათ მე ვერ ვხედავ რაღაცას.“ „თავი რატომ უნდა ავიტკივო?“ ან ზოგჯერ ყველაზე პრაქტიკული: „კარგი, წავიდეთ აბილინში. ბოლოს და ბოლოს, ჩემი მანქანა ხომ არ არის, ან/და ,,საჭესთან მე ხომ არ ვარ“.
რატომ არ ამბობს პირველი ადამიანი „არა“-ს? თეორიულად გამოსავალი ძალიან მარტივია. ვიღაცამ უნდა თქვას: „მე არ მომწონს ეს გადაწყვეტილება.“ პრაქტიკაში კი ეს ერთი წინადადება ზოგჯერ რთული სათქმელია. ადამიანს ჯგუფთან კუთვნილება სჭირდება. პოლიტიკურ გარემოში კი ურთიერთობები, ნდობა, ლოიალურობა, თანამდებობა და მომავალი კარიერა ხშირად ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. ამიტომ კითხვა აღარ არის მხოლოდ: „რას ვფიქრობ მე?“ იგი შეიძლება გადაიქცეს კითხვად: „რა მოხდება, თუ მართლა იმას ვიტყვი, რასაც ვფიქრობ?“. ეს კი უკვე სრულიად სხვა მდგომარეობაა. შესაბამისად:
თუ განსხვავებული აზრი ავტომატურად არალოიალობად ითვლება - მანქანა უკვე დაქოქილია;
თუ უფროსის იდეის მიმართ ეჭვის გამოთქმა კარიერულ რისკს შეიცავს - საწვავიც ჩასხმულია;
თუ ოთახში ყველა ერთმანეთის სახის გამომეტყველებით ცდილობს საკუთარი პოზიციის განსაზღვრას - აბილინის გზატკეცილზეც გავედით;
თუ გადაწყვეტილება მიღებულია, პასუხისმგებელი ვერ მოიძებნა და ყველა ამტკიცებს, რომ სხვებს აჰყვა, მაშინ უკვე აბილინში ვართ.
აბილინის პარადოქსი მხოლოდ დიდ სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებზე არ ვრცელდება. იგი შეიძლება გამოჩნდეს სრულიად ყოველდღიურ ორგანიზაციულ საკითხშიც კი. მაგ. ვიღაცას არ მოსწონს კამპანიის სტრატეგია, მაგრამ მიაჩნია, რომ ცვლილების შეთავაზება უკვე გვიანია. ვიღაცას არ მოსწონს კანდიდატი, მაგრამ ფიქრობს, რომ „ზემოთ გადაწყდა“. ვიღაც ხედავს, რომ განცხადება ცუდადაა დაწერილი, მაგრამ ფიქრობს, რომ „ალბათ სპეციალისტებმა იციან.“ სპეციალისტები კი შეიძლება ზუსტად იმავეს ფიქრობდნენ, რომ „თუ ხელმძღვანელობას მოსწონს, ჩვენ ვინ ვართ?“ ბოლოს კი ეს ტექსტი ქვეყნდება. შემდეგ ყველა კითხულობს და ამბობს: „ეს ვინ დაწერა?“
ზოგჯერ ყველაზე ზუსტი პასუხი ასეთია - არავინ. ან, უფრო სწორად - ყველამ.
აბილინიდან დაბრუნების შემდეგ კი იწყება პასუხისმგებლობის გადაადგილება. აბილინის მტვერნაყლაპებმა უნდა ახსნან, რა უნდოდათ აბილინში? აი აქ იწყება პოლიტიკური ცხოვრების კიდევ ერთი ნაცნობი ეტაპი - პასუხისმგებლობის გადაადგილება. „მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი,“ „მე უბრალოდ გუნდს გავყევი“, „სხვა გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო“, „მე მეგონა, თქვენ გინდოდათ” და ა.შ. საბოლოოდ შეიძლება ისეთი შთაბეჭდილებაც დაგვრჩეს, თითქოს გადაწყვეტილება საკუთარ თავს თვითონ იღებდა. სხდომაზე ათი კაცი იყო. ყველა წინააღმდეგი ყოფილა. გადაწყვეტილებაც მიღებულია. ავტორი კი ვერ მოიძებნა.
აბილინის პარადოქსი არ ნიშნავს, რომ ყველა კოლექტიური გადაწყვეტილება საეჭვოა ან ყველა კომპრომისი სისუსტეა. ჯგუფში მუშაობა ხშირად სწორედ იმას გულისხმობს, რომ ადამიანი საკუთარ პირველ არჩევანს საერთო გადაწყვეტილების სასარგებლოდ თმობს. ეს ნორმალურია. პარადოქსი სხვა რამეს აღწერს, რომ როდესაც რეალურად არც ერთს არ უნდა არჩეული მიმართულება, მაგრამ ყველა მას უჭერს მხარს. მხარს უჭერს იმიტომ, რომ შეცდომით ფიქრობს თითქოს ეს დანარჩენებს უნდათ. შესაბამისად, პრობლემა კომპრომისი კი არა, პრობლემა წარმოსახვითი კონსენსუსია. ყველა სხვას უთმობს. უბედურება კი ისაა, რომ დასათმობი არავის არაფერი აქვს.
შესაბამისად, ზოგჯერ კოლექტიური გადაწყვეტილების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი კენჭისყრა კი არა, ის წამია, როდესაც პირველი ადამიანი გაბედავს და იტყვის იმას, რასაც ოთახში შესაძლოა უკვე ყველა ფიქრობდეს: „მაპატიეთ, მაგრამ აბილინში წასვლის იდეა საერთოდ არ მომწონს.“ აქ შეიძლება რამდენიმე წამით უხერხული სიჩუმე ჩამოვარდეს, ხოლო შემდეგ ვიღაცამ თქვას: „არც მე.“ მესამემ - „სიმართლე რომ ვთქვა, არც მე.“ ასე უცებ აღმოჩნდება, რომ ის, რაც ხუთი წუთის წინ „ერთსულოვანი გადაწყვეტილება“ იყო, სინამდვილეში არც ერთ ადამიანს არ უნდოდა.
და ბოლოს, ასეთ დროს ერთი ადამიანის უთანხმოება ჯგუფს კი არ ანგრევს, არამედ, პირიქით, ზოგჯერ სწორედ ეს ერთი „არა“ გვიხსნის აბილინში სრულიად არასაჭირო მოგზაურობისგან.
