დავით გაბაიძე
← მოსაზრებები

მოსაზრება / პოლიტიკა და საზოგადოება

ეს არ არის პოლიტიკოსი — გამოსახულებათა ღალატი პოლიტიკაში

ეს არ არის პოლიტიკოსი — გამოსახულებათა ღალატი პოლიტიკაში

თანამედროვე პოლიტიკაში საზოგადოება ხშირად რეალურ პოლიტიკოსს კი არ ხედავს, არამედ მის შესახებ შექმნილ გამოსახულებას. სად მთავრდება პოლიტიკური კომუნიკაცია და სად იწყება იმიჯის რეალობაზე გაბატონება?

თანამედროვე საზოგადოება ერთ-ერთი ყველაზე რთული და ფუნდამენტური ამოცანის წინაშე დგას: ინფორმაციული სიჭარბის, ვიზუალური მანიპულაციებისა და უწყვეტი საინფორმაციო ნაკადების ეპოქაში გაარკვიოს, სად არის ჭეშმარიტება. მედიასივრცე ყოველდღიურად გვაწვდის ასობით ემოციურ კადრს, სლოგანს, განცხადებასა თუ პორტრეტს; შესაბამისად, სულ უფრო ჭირს ზღვრის გავლება რეალურ მოვლენებსა და მათ შესახებ ოსტატურად შექმნილ წარმოდგენებს შორის. მოქალაქეს, რომელსაც გააზრებული პოლიტიკური არჩევანის გაკეთება სურს, უწევს მუდმივი ბრძოლა საკუთარ აღქმასთან — რას ხედავს სინამდვილეში და რა არის მისთვის თავსმოხვეული შთაბეჭდილება?

დღეს ჭეშმარიტების გარკვევა მხოლოდ სიცრუისა და სიმართლის ერთმანეთისგან გარჩევას აღარ ნიშნავს. პრობლემა ხშირად უფრო რთულია:

კადრი შეიძლება ნამდვილი იყოს, მაგრამ არასრული;

სიტყვა — ფაქტობრივად სწორი, მაგრამ კონტექსტიდან ამოღებული;

მოვლენა — რეალური, მაგრამ ისე შერჩეული და წარმოდგენილი, რომ სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება შექმნას.

თანამედროვე ადამიანს ხშირად აშკარა ტყუილთან კი არ უწევს დაპირისპირება, არამედ ისეთ წარმოდგენასთან, რომელიც რეალობას ჰგავს, მისგან გარკვეულ საფუძველსაც იღებს, მაგრამ საბოლოოდ მის ადგილს იკავებს.

ამ რთული პოლიტიკური ამოცანის უკეთ გასააზრებლად საინტერესოა, გავიხსენოთ ერთი ცნობილი მხატვრული პარადოქსი. კერძოდ, რენე მაგრიტის ცნობილ ნახატზე გამოსახულია ჩიბუხი, რომლის ქვემოთაც ფრანგულად წერია: „Ceci n’est pas une pipe“ — „ეს არ არის ჩიბუხი“. რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი არ არის ამ ნახატის ხელოვნებათმცოდნეობითი ან ესთეტიკური ანალიზი. ჩემთვის საინტერესოა ის ლოგიკა, რომელსაც მხატვარი გვთავაზობს.

ერთი შეხედვით, ეს წარწერა აბსურდული და წინააღმდეგობრივია. მაყურებელი ჩიბუხს ხედავს, ტექსტი კი ეუბნება, რომ ეს ჩიბუხი არ არის. ბუნებრივად ჩნდება კითხვა: თუ ეს ჩიბუხი არ არის, მაშინ რა არის? პასუხი მარტივია: ეს არის არა ჩიბუხი, არამედ ჩიბუხის გამოსახულება. მას ვერ ავიღებთ ხელში, ვერ გავავსებთ თამბაქოთი და ვერ მოვუკიდებთ ცეცხლს. ის მხოლოდ ფერებითა და ხაზებით შექმნილი გამოსახულებაა, რომელიც რეალურ ჩიბუხს ჰგავს. შესაბამისად, მაგრიტის წარწერა სიცრუე კი არა, პირდაპირი მნიშვნელობით სიმართლეა: ჩვენს წინაშე არსებული ობიექტი ნამდვილად არ არის ჩიბუხი — ის ჩიბუხის მხატვრული წარმოდგენაა.

მიშელ ფუკომ ამ ნახატს სპეციალური ნაშრომიც კი მიუძღვნა, რომელსაც ასევე „ეს არ არის ჩიბუხი“ უწოდა. ამ შემთხვევაში მე არც ფუკოს ნაშრომის სიღრმისეულ განხილვას ვაპირებ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი მსჯელობის ის ასპექტი, რომელიც რეალურ საგანს, მის გამოსახულებასა და მის სახელწოდებას შორის ურთიერთობას ეხება. არსებობს რეალური ჩიბუხი. არსებობს მისი გამოსახულება. არსებობს სიტყვა „ჩიბუხი“. ეს სამი ერთმანეთთან დაკავშირებულია, მაგრამ ერთი და იგივე არ არის. კერძოდ, სიტყვა „ჩიბუხი“ არ არის ჩიბუხი. ჩიბუხის სურათიც არ არის ჩიბუხი. ორივე მხოლოდ ნიშანია, რომელიც რეალურ საგანზე მიგვითითებს. მაგრამ ადამიანის ცნობიერება ხშირად ისეა მოწყობილი, რომ ნიშანსა და საგანს ავტომატურად აიგივებს. მაგალითად, ნახატზე გამოსახულ ხეს უბრალოდ „ხეს“ ვუწოდებთ, ფოტოზე აღბეჭდილ ადამიანს კი თავად ადამიანად აღვიქვამთ, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ქაღალდზე ან ეკრანზე განთავსებულ გამოსახულებას ვუყურებთ.

მაგრიტი ამ ავტომატურ გაიგივებას არღვევს. იგი გვაფრთხილებს, რომ მსგავსება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იდენტურობას. გამოსახულება შეიძლება ძალიან ჰგავდეს რეალურ საგანს, მაგრამ საგნად ვერ გადაიქცევა. მან შეიძლება რეალობის განცდა შეგვიქმნას, თუმცა თვითონ რეალობა არ არის. სწორედ ამიტომ უწოდა მაგრიტმა ამ ნამუშევარს „გამოსახულებათა ღალატი“. გამოსახულება თითქოს გვპირდება, რომ რეალობას გვაჩვენებს, მაგრამ საბოლოოდ რეალობის მხოლოდ ერთგვარ წარმოდგენას გვთავაზობს. უფრო ზუსტად კი, შესაძლოა, თვითონ გამოსახულება არაფერს გვღალატობდეს. შეცდომას ჩვენ ვუშვებთ, როდესაც გამოსახულებას რეალურ საგანთან ვაიგივებთ და წარმოდგენას თვით რეალობად მივიჩნევთ. სწორედ აქ მინდა გადავიდე ამ შემთხვევაში ჩემთვის მთავარ თემაზე — პოლიტიკაზე.

ფუკოსა და მაგრიტის ეს მსჯელობა ჩვენთვის საინტერესოა იმიტომ, რომ იგი თანამედროვე პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემის გასააზრებლად მნიშვნელოვან ანალიტიკურ გასაღებს გვაძლევს. როგორც არსებობს რეალური ჩიბუხი და მისი გამოსახულება, ასევე არსებობს რეალური პოლიტიკოსი და მისი საჯარო სახე. არსებობს კონკრეტული ადამიანი — საკუთარი თვისებებით, შესაძლებლობებით, ინტერესებით, შეცდომებითა და გადაწყვეტილებებით. ამასთანავე, არსებობს მისი მედიასახე — ფოტოებით, ვიდეოებით, სლოგანებით, გამოსვლებით, სპეციალურად შერჩეული ლოზუნგური ფრაზებით ან/და ემოციური კადრებით შექმნილი გამოსახულება, რომელიც შემდეგ ასევე ტირაჟირდება სოციალური ქსელების ნამდვილ თუ ყალბ ანგარიშებზე, ჩატებში გაზიარებული ინფორმაციით და ა.შ. შესაბამისად, კონკრეტული ადამიანი და მისი ეს „მედიასახე“ ერთმანეთთან დაკავშირებულია, მაგრამ ყოველთვის იდენტური არ არის.

თანამედროვე მოქალაქე პოლიტიკოსს უმეტესად უშუალოდ არ იცნობს. იგი მასთან ყოველდღიურად არ მუშაობს, არ ესწრება მისი გადაწყვეტილებების მომზადებას და ვერ ხედავს, როგორ იქცევა ის კამერების გარეშე. მოქალაქე პოლიტიკოსს ძირითადად ეკრანიდან, სოციალური ქსელიდან, ტელევიზიიდან, პლაკატიდან ან საჯარო გამოსვლიდან იცნობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოება ხშირად რეალურ პოლიტიკოსს კი არ ხედავს, არამედ პოლიტიკოსის შესახებ შექმნილ გამოსახულებას.

ამ გამოსახულების შექმნაზე მუშაობენ პიარის სპეციალისტები, ფოტოგრაფები, ვიდეოოპერატორები, ტექსტების ავტორები, სოციალური მედიის მენეჯერები, ალბათ, ზოგჯერ ფსიქოლოგებიც კი. წინასწარ განისაზღვრება, რა სიტყვები უნდა გამოიყენოს პოლიტიკოსმა, როგორი ტონით უნდა ილაპარაკოს, როგორ ჩაიცვას, ვის შეხვდეს, სად გადაიღოს ფოტო, რომელი ემოცია გამოხატოს და როგორი შთაბეჭდილება დატოვოს საზოგადოებაზე. შედეგად, იქმნება არა უბრალოდ პოლიტიკური ინფორმაცია, არამედ გარკვეული პოლიტიკური პერსონაჟი.

ერთი პოლიტიკოსი წარმოდგენილია, როგორც ძლიერი და შეუპოვარი ლიდერი;

მეორე — როგორც უბრალო, ხალხთან ახლოს მდგომი ადამიანი;

მესამე — როგორც განათლებული, ევროპული და თანამედროვე მმართველი;

მეოთხე — როგორც კულტურის, ტრადიციებისა და ეროვნული მემკვიდრეობის დამცველი;

მეხუთე — როგორც ადამიანური პრობლემების თანამგრძნობი პიროვნება და ა.შ.

ამ თვისებებიდან ზოგიერთი შეიძლება მართლაც რეალური იყოს. მაგრამ პოლიტიკური პიარის მიზანი მხოლოდ არსებული თვისებების ჩვენება არ არის. მისი მიზანია, ცალკეული თვისებების, ფაქტებისა და კადრების საფუძველზე შეიქმნას მთლიანი წარმოდგენა, რომელიც მოქალაქის ცნობიერებაში პოლიტიკოსის კონკრეტულ სახეს დაამკვიდრებს.

პოლიტიკოსი შეიძლება ერთხელ შეხვდეს სოციალურად დაუცველ ოჯახს. კადრები შეიძლება სრულიად ნამდვილი იყოს. ის ნამდვილად ესაუბრება ადამიანებს, ნამდვილად ისმენს მათ პრობლემებს და შესაძლოა, გარკვეულ დახმარებასაც უწევს. მაგრამ ამ ერთი შეხვედრისგან იქმნება უფრო ფართო დასკვნა, რომ პოლიტიკოსი ზოგადად მზრუნველი, მგრძნობიარე და ხალხის პრობლემებზე ორიენტირებული ლიდერია. აქ ფაქტი შეიძლება ნამდვილი იყოს, მაგრამ ფაქტისგან შექმნილი საერთო წარმოდგენა — გადაჭარბებული.

სწორედ ეს არის პოლიტიკური გამოსახულების ერთ-ერთი მთავარი ძალა. მას ყოველთვის არ სჭირდება სიცრუე. ხშირად საკმარისია რეალობის გარკვეული ნაწილის შერჩევა, გამეორება და მთლიანობად წარმოჩენა. მაგალითად:

ფოტო, რომელზეც პოლიტიკოსი ტალახის მასაში რეზინის ჩექმებით, წვიმაში, ქოლგის გარეშე დგას, ავტომატურად არ ნიშნავს ხალხისთვის თავდადებას; ეს თავდადების ვიზუალური კოდია.

ვიდეო, რომელშიც პოლიტიკოსი ჯარისკაცებთან ერთად სადილობს, თავისთავად არ ადასტურებს ჯართან რეალურ ერთობას — იგი ერთობის სცენასა და შესაბამის შთაბეჭდილებას ქმნის.

წიგნებთან გადაღებული ფოტო განათლებულობის ვიზუალურ ნიშნებს ქმნის, მაგრამ ინტელექტუალურ შესაძლებლობას ავტომატურად ვერ ადასტურებს.

ძაღლთან ერთად გადაღებული ფოტო მაინცდამაინც ცხოველების მიმართ სიყვარულს არ ადასტურებს.

სამშენებლო მოედანზე ჩაწერილი ვიდეო წარმატებული ინფრასტრუქტურული პოლიტიკის მტკიცებულება არ არის, ისევე როგორც ხალხში სიარული არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსი რეალურ გადაწყვეტილებებში ხალხის ინტერესებით ხელმძღვანელობს.

მაგრიტის ლოგიკის გამოყენებით, თითოეულ ასეთ კადრს პირობითად შეგვიძლია მივაწეროთ:

„ეს არ არის მზრუნველი ლიდერი — ეს მზრუნველი ლიდერის გამოსახულებაა.“

ან

„ეს არ არის ძლიერი მმართველობა — ეს ძლიერი მმართველობის ვიზუალური წარმოდგენაა.“

პოლიტიკურ პიარში საგანსა და მის გამოსახულებას შორის ხშირად ჩნდება მესამე ელემენტიც — ნარატივი.

ამრიგად, შეგვიძლია გამოვყოთ სამი განსხვავებული დონე:

ა) რეალური პოლიტიკოსი;

ბ) პოლიტიკოსის საჯარო გამოსახულება;

გ) პოლიტიკოსის საჯარო გამოსახულებით პოლიტიკოსის შესახებ შექმნილი პოლიტიკური ნარატივი.

მაგალითად, არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც რაღაც შეხვედრაზეა. არსებობს ამ შეხვედრის ფოტო, რომელზეც იგი ადამიანებითაა გარშემორტყმული. შემდეგ კი არსებობს ტექსტი: „ლიდერი, რომელიც ყოველთვის ხალხის გვერდით დგას.“

პირველი არის კონკრეტული ადამიანი და კონკრეტული მოვლენა. მეორე — ამ მოვლენის შერჩეული ვიზუალური გამოსახულება. მესამე კი ამ გამოსახულებისთვის მინიჭებული პოლიტიკური მნიშვნელობა.

საზოგადოება კი საბოლოოდ ხშირად სწორედ მესამე დონეს იმახსოვრებს. ამიტომ თანამედროვე პოლიტიკაში ბრძოლა მხოლოდ გადაწყვეტილებებისა და პროგრამების გარშემო აღარ მიმდინარეობს. იგი მიმდინარეობს იმაზეც, თუ ვინ შეძლებს საზოგადოებაში საკუთარი თავის შესახებ უფრო დამაჯერებელი წარმოდგენის შექმნას. პოლიტიკოსის წარმატება ყოველთვის მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, თუ რას აკეთებს იგი. ხშირად არანაკლებ მნიშვნელოვანი ხდება, როგორ ჩანს ის, რას უკავშირებენ მას და რას გრძნობენ ადამიანები მისი დანახვისას.

საქმის კეთება ერთია. საქმის კეთების ჩვენება კი — მეორე. ხოლო საქმის კეთების შთაბეჭდილების შექმნა მაშინაც კი, როდესაც რეალური შედეგი არ არსებობს, საერთოდაც მესამეა.

სწორედ მესამე შემთხვევაში აღწევს გამოსახულებათა ღალატი თავის ყველაზე მკაფიო პოლიტიკურ ფორმას.

ფრანგი ფილოსოფოსი ჟან ბოდრიარი ამ მდგომარეობას სიმულაკრის ცნებით აღწერდა — როდესაც გამოსახულება რეალობის უბრალო ასახვა აღარ არის, მის ადგილს იკავებს და თავად იწყებს იმის განსაზღვრას, თუ რას მივიჩნევთ რეალობად. პიარის სამყაროში შეიძლება რეალური მოქმედება თანდათან მეორეხარისხოვანი გახდეს, ხოლო მის შესახებ შექმნილი წარმოდგენა კი — მთავარი.

პოლიტიკოსს შეიძლება ნაკლებად აინტერესებდეს პრობლემის სრულყოფილად გადაწყვეტა და მეტად აინტერესებდეს, როგორ გამოჩნდება მისი რეაგირება საზოგადოებაში. ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური გადაწყვეტილებაც კი მედიისთვის დადგმულ სცენად იქცევა. მაგალითად, ღონისძიება ისე იგეგმება, რომ კარგი კადრი შეიქმნას. შეხვედრა ტარდება არა რეალური დიალოგისთვის, არამედ ემოციური ვიდეოს გადასაღებად. განცხადება ფორმულირდება არა საკითხის სრულყოფილად ასახსნელად, არამედ ისეთი მოკლე ბანერული ფრაზის ან ე.წ. „ქარდის“ შესაქმნელად, რომელიც საინფორმაციო სივრცეში სწრაფად გავრცელდება.

პოლიტიკა თანდათან მოქმედების სფეროდან წარმოდგენის სფეროში გადადის. ტექნოლოგიურმა პროგრესმა და სოციალურმა ქსელებმა ეს პროცესი თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანეს. თუ ტრადიციულ ფოტოსა და ვიდეოს, როგორც წესი, რეალური ობიექტი ან მოვლენა მაინც ედო საფუძვლად, ხელოვნური ინტელექტისა და დიპფეიკების ეპოქაში დამაჯერებელ გამოსახულებას რეალურ მოვლენასთან უშუალო კავშირიც აღარ სჭირდება. ვიდეო, ხმა თუ ფოტო შეიძლება შეიქმნას რეალური ადამიანის მონაწილეობის გარეშე და მაინც იმდენად დამაჯერებლად გამოიყურებოდეს, რომ მაყურებელმა ნამდვილ მოვლენად აღიქვას. ამასთან, დღევანდელი მოქალაქე აღარ არის მხოლოდ პასიური მაყურებელი ეკრანის წინ. სოციალურ ქსელებში თითოეული მოწონებით, გაზიარებითა თუ მიმით იგი ამ წარმოდგენის გამავრცელებელი და ზოგჯერ თანაავტორიც ხდება. სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ ეს არჩევანი სრულიად თავისუფალი ყოველთვის არ არის. მასზე გავლენას ახდენს სოციალური ქსელების ალგორითმები, პოლიტიკური პოლარიზაცია და ადამიანის ბუნებრივი მიდრეკილება, უფრო ადვილად დაიჯეროს ის, რაც მის უკვე არსებულ შეხედულებებს ემთხვევა.

შესაბამისად, გამოსახულების ღალატში დღეს მონაწილეობენ არა მხოლოდ მისი შემქმნელები, არამედ მისი გამავრცელებელი ტექნოლოგიური სისტემები და ზოგჯერ თავად მაყურებელიც.

აქ კი ვაწყდებით მნიშვნელოვან პარადოქსს — ნახატზე გამოსახულ ჩიბუხს არ შეუძლია რეალური ხანძრის გაჩენა, მაგრამ პოლიტიკურ გამოსახულებას რეალური პოლიტიკური შედეგების გამოწვევა შეუძლია. ამ გამოსახულებების გავლენით საზოგადოებები მხარს უჭერენ პოლიტიკოსებს, კანონებს, ხელისუფლებებს, პოლიტიკურ კურსებსა და ზოგჯერ სამხედრო გადაწყვეტილებებსაც. ამრიგად, არარეალურ ან ხელოვნურად შექმნილ გამოსახულებას შეუძლია სრულიად რეალური სინამდვილის წარმოქმნა.

უნდა ითქვას ისიც, რომ ზემოაღნიშნული არ ნიშნავს, რომ პოლიტიკური კომუნიკაცია თავისთავად ცუდია. საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, რას აკეთებს ხელისუფლება, რას სთავაზობს ოპოზიცია და რა გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკური ლიდერები. ნებისმიერი პოლიტიკოსი ვალდებულია, საკუთარ საქმიანობაზე მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდოს. მაგრამ პრობლემა მაშინ იწყება, როდესაც კომუნიკაცია საქმიანობის გაშუქებიდან საქმიანობის ჩ ა ნ ა ც ვ ლ ე ბ ა დ გადაიქცევა:

როდესაც პოლიტიკოსი კარგად გამოიყურება, მაგრამ ცუდად ან საერთოდ არ მართავს.

როდესაც განცხადებები დამაჯერებელია, მაგრამ გადაწყვეტილებები — არაეფექტიანი.

როდესაც სლოგანი ძლიერია, მაგრამ პროგრამა — ცარიელი.

როდესაც პოლიტიკოსი კადრში ხალხთან ახლოს დგას, რეალურ პოლიტიკაში კი ხალხის საჭიროებებს უგულებელყოფს.

აქ უკვე საქმე გვაქვს არა უბრალოდ პოლიტიკური იმიჯის შექმნასთან, არამედ იმიჯის რეალობაზე გაბატონებასთან.

თუმცა, სამართლიანობისთვის აქაც აუცილებელია ერთი მნიშვნელოვანი განსხვავების გაკეთება. ნებისმიერი გამოსახულება ტყუილი არ არის და არც ნებისმიერი პიარია მანიპულაცია. პოლიტიკოსის საჯარო სახე შესაძლოა მის რეალურ თვისებებსაც ასახავდეს. ადამიანი შეიძლება ნამდვილად იყოს განათლებული, მზრუნველი, მამაცი ან კომპეტენტური და პოლიტიკური კომუნიკაცია ამ თვისებებს საზოგადოებას უბრალოდ აცნობდეს. პრობლემა თვით გამოსახულების არსებობა კი არა, გამოსახულებისა და რეალობის გაუმიჯნაობაა.

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საჯარო იმიჯი ყოველთვის შერჩეულია. კამერა ყველაფერს ვერ აჩვენებს. ფოტო ერთი წამია, ვიდეო — გარკვეული მონაკვეთი, განცხადება კი — წინასწარ მომზადებული ან კონკრეტული კონტექსტიდან ამოღებული ტექსტი. კადრის მიღმა ყოველთვის რჩება უფრო ფართო რეალობა.

ამიტომ პოლიტიკური შეფასებისას მთავარი კითხვა არ უნდა იყოს მხოლოდ: როგორ გამოიყურება პოლიტიკოსი? არამედ უნდა ვიკითხოთ: რას აკეთებს იგი? რა შედეგი მოაქვს მის გადაწყვეტილებებს? რამდენად ემთხვევა მისი განცხადებები მის მოქმედებებს? რას გვიჩვენებენ და რას გვიმალავენ? რა დარჩა კადრს მიღმა?

პოლიტიკურ გამოსახულებათა ღალატისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალება ყველა გამოსახულების უარყოფა კი არა, მათ მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებაა. კრიტიკული დამოკიდებულება ნიშნავს იმის გაცნობიერებას, რომ ფოტო ფაქტის ნაწილი შეიძლება იყოს, მაგრამ მთლიანი ფაქტი არ არის. ვიდეო შეიძლება რეალურ მოვლენას ასახავდეს, მაგრამ იგი მაინც შერჩეული ხედვის წერტილისა და მონტაჟის შედეგია. პოლიტიკური სლოგანი შეიძლება გარკვეულ იდეას გადმოსცემდეს, მაგრამ პოლიტიკის რეალურ შინაარსს სრულად ვერ ჩაანაცვლებს.

მაგრიტის ნახატის წინ მდგომ ადამიანს თითქოს ეუბნებიან: ნუ დაგავიწყდება, რასაც ხედავ, რეალური ჩიბუხი არ არის. თანამედროვე პოლიტიკური ეკრანის წინ მდგომ მოქალაქესაც მსგავსი გაფრთხილება სჭირდება:

ეს არ არის პოლიტიკოსი. ეს პოლიტიკოსის გამოსახულებაა;
ეს არ არის სრული რეალობა. ეს არის შერჩეული კადრი, კონკრეტული ხედვის წერტილი და გარკვეული პოლიტიკური ნარატივის ნაწილი.

პოლიტიკოსის ჭეშმარიტი სახე საბოლოოდ არც პლაკატზე ჩანს, არც სლოგანში, არც ემოციურ ვიდეოში და არც კარგად დადგმულ ფოტოში. იგი ჩანს გადაწყვეტილებებში, პასუხისმგებლობაში, სიტყვისა და მოქმედების შესაბამისობასა და საქმიანობის რეალურ შედეგებში. მაგრიტის ჩიბუხი გვახსენებს, რომ გამოსახულება საგანი არ არის. პოლიტიკური გამოცდილება კი გვაჩვენებს, რომ პოლიტიკოსის გამოსახულებაც თავად პოლიტიკოსი არ არის.

ამიტომ თანამედროვე პოლიტიკური აზროვნების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ ამ განსხვავებების შენარჩუნებაა: რეალურ მოქმედებასა და მის დადგმულ წარმოდგენას შორის, მართვასა და მართვის იმიტაციას შორის, ლიდერსა და ლიდერის საგულდაგულოდ შექმნილ გამოსახულებას შორის.