თუ ადამიანის მთელი იდენტობა მხოლოდ სტატუსზე იყო აგებული, ძალაუფლების დასრულებას სიცარიელე მოჰყვება. მაგრამ თუ თანამდებობის მიღმაც არსებობდა იდეები, შინაგანი სიმტკიცე და აზროვნების უნარი, მაშინ წასვლა დასასრული აღარ არის — იგი ახალი ეტაპის დასაწყისი ხდება.
ზოგიერთ გამოცდილებას, როცა ჯერ კიდევ მის შიგნით ხარ, ბოლომდე ვერ გაიაზრებ. მხოლოდ დროისა და გარკვეული დისტანციის შემდეგ იწყებ იმის დანახვას, რა იყო მასში დროებითი და რა — ნამდვილი. თანამდებობიდან წასვლა სწორედ ასეთ დისტანციას ქმნის და შენ გარშემო არსებულ ურთიერთობებსაც ნამდვილ სახეს უჩენს. მარტო არ რჩები — უბრალოდ მაშინ პირველად აღმოაჩენ, ვინ იყო შენთან და ვინ — შენს სკამთან.
თანამდებობას ხშირად ჰყავს თავისი „მეგობრები“ — ადამიანები, რომლებიც სინამდვილეში არა პიროვნებას, არამედ ძალაუფლებას ეკუთვნიან. ისინი ჩნდებიან მაშინ, როდესაც შენს სიტყვას გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლია, შენს ზარს მნიშვნელობა აქვს და შენთან სიახლოვე მათთვის გარკვეულ შესაძლებლობას ნიშნავს. მათი ყურადღება ზოგჯერ იმდენად დამაჯერებელია, რომ ძნელია გაარჩიო, სად მთავრდება გულწრფელი ურთიერთობა და სად იწყება ანგარიში.
მაგრამ თანამდებობა დროებითია. როცა ის ქრება, ადამიანთა ეს კატეგორიაც მასთან ერთად ქრება შენი ცხოვრებიდან — ისევე, როგორც მაისის თოვლი: მოულოდნელად, უხმაუროდ და, ერთი შეხედვით, ხილული კვალის გარეშე.
მაისში მოსული თოვლი უჩვეულოა. წამიერად შეიძლება მთელი გარემო შეცვალოს, მაგრამ ყველამ იცის, რომ ვერ გაძლებს. მალე დადნება და იქ, სადაც რამდენიმე საათის წინ ყველაფერი თეთრი იყო, მისი კვალი აღარ დარჩება. სწორედ ასეთები აღმოჩნდებიან ხოლმე ძალაუფლების გარშემო თავმოყრილი ზოგიერთი ადამიანიც: მათი ერთგულება შთამბეჭდავი, მაგრამ ხანმოკლეა; სიახლოვე — ინტენსიური, თუმცა პირობითი; სიტყვები კი დამაჯერებლად მხოლოდ მანამდე ჟღერს, სანამ ძალაუფლების ტემპერატურა მათთვის ხელსაყრელია.
თუმცა „მაისის თოვლი“ სრულიად უკვალოდ მაინც არ ქრება. უხილავი კვალი რჩება იმ სევდაში, რომელსაც ადამიანთა უეცარი გაუჩინარება ტოვებს. ეს მხოლოდ კონკრეტული ურთიერთობის დასრულებით გამოწვეული წყენა არ არის. უფრო რთული განცდაა: საკუთარ წარსულს თავიდან უყურებ და ცდილობ გაარკვიო, რაც მაშინ ნამდვილ მეგობრობად მიგაჩნდა, სინამდვილეში რა იყო.
და მაინც, ეს ცუდი სულაც არ არის.
პირიქით, თანამდებობიდან წასვლა არა მხოლოდ ადამიანური, არამედ ერთგვარი პოლიტიკური ფილტრიცაა. იგი მკაფიოდ აჩენს, ვის აინტერესებდი შენ — შენი აზრი, შრომა, გამოცდილება და პიროვნება — და ვის მხოლოდ ის კარი, რომლის გაღებაც შეგეძლო. ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ ურთიერთობები იწმინდება: ქრება ზედმეტი ხმაური, ფორმალური ერთგულება და გადაჭარბებული ყურადღება, რომელიც ხშირად მეგობრობის სახით გვეჩვენება.
სწორედ ამ დროს იწყება მეგობრობისა და ერთგულების ნამდვილი გამოცდა.
მაკიაველის „მთავარში“ ადამიანური ბუნების შესახებ გაკეთებული დაკვირვებები ხშირად მკაცრად და ცინიკურად გვეჩვენება. თუმცა პოლიტიკაში მიღებული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მისი რეალიზმი შემთხვევითი არ ყოფილა: ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი ძალას უფრო ადვილად ემორჩილება, ვიდრე ერთგულებას; ბევრის ერთგულება კი მხოლოდ მანამდე გრძელდება, სანამ ურთიერთობაში სარგებელი არსებობს. ამ აზრის მიღება განსაკუთრებით რთულია მაშინ, როდესაც იგი აბსტრაქტული თეორიის ნაცვლად შენი ცხოვრების ნაწილად იქცევა.
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი ძირითადად ხმაურში ცხოვრობს. ყოველდღიურობას ავსებს ზარები, შეხვედრები, მოწვევები, თხოვნები, პასუხისმგებლობები და „ერთგულების“ მუდმივი დემონსტრირება. ყოველთვის ვიღაცას სჭირდება შენი აზრი, თანხმობა, მხარდაჭერა ან უბრალოდ შენთან გამოჩენა. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი ხმაური წყდება და სიჩუმე დგება. ტელეფონი ისე ხშირად აღარ რეკავს, შეხვედრების კალენდარი იცლებ.
ადამიანთა ნაწილი ქრება, ზოგიერთები კი მოულოდნელად საკუთარ წარსულსაც სხვაგვარად ყვებიან. სწორედ ამ სიჩუმეში ჩანს ყველაზე ნათლად, ვინ დარჩა მართლა.
ეს შეიძლება იმედგაცრუების მიზეზად იქცეს, მაგრამ შესაძლებელია, სხვაგვარადაც შეხედო — როგორც გათავისუფლებას და შესაძლებლობას, ილუზიების გარეშე დაინახო საკუთარი გარემოცვა და კიდევ უფრო მეტად დააფასო ნამდვილი. გვიან, მაგრამ საბოლოოდ დარწმუნდები, რომ ერთი ნამდვილი ადამიანი ბევრად უფრო ძვირფასია, ვიდრე ასი „მაისის თოვლი“.
ადამიანური ბედნიერებაა, როდესაც ასეთ ადამიანებს აღმოაჩენ — ან მათ ნამდვილობაში კიდევ უფრო რწმუნდები. ისინი მხოლოდ შენი გარემოცვის კი არა, შენი ისტორიის გულწრფელი ნაწილიც არიან. ისინი შენთან დარჩნენ და არც საკუთარი წარსულის გადაწერა უცდიათ.
პოლიტიკურ გარემოში ურთიერთობები ხშირად ინტერესის, გავლენისა და სამომავლო პერსპექტივის გარშემო ტრიალებს.
ამიტომ განსაკუთრებით ძვირფასია ადამიანი, რომელიც ურთიერთობის საფუძვლად არა სარგებელს, არამედ საერთო გზას, პატივისცემასა და ადამიანურ ერთგულებას მიიჩნევს. ასეთ დროს ერთგულება მხოლოდ ემოციური კატეგორია აღარ არის. იგი ეთიკურ პოზიციად და შინაგან კულტურად იქცევა — საერთო გზის, საერთო ბრძოლისა და საერთო წარსულის პატივისცემის კულტურად.
მაგრამ თანამდებობიდან წასვლა მხოლოდ სხვა ადამიანების გამოცდა არ არის. იგი საკუთარი თავის გამოცდაცაა.
პოლიტიკოსისთვის თანამდებობიდან წასვლა ერთგვარი შინაგანი გარდატეხაა. ეს არის მომენტი, როდესაც ყოველდღიური „შესაძლებელი“ სრულდება და რჩება მოგონება „სასურველზე“ — იმაზე, რისი გაკეთებაც გინდოდა, მაგრამ ვერ მოასწარი; რისი შეცვლაც სცადე, მაგრამ ბოლომდე ვერ შეძელი; და იმ გადაწყვეტილებებზე, რომელთა მიღებაც შესაძლებელსა და სასურველს შორის რთული არჩევანის შედეგად მოგიწია.
გადადგომის შემდეგ თავდაპირველად სარკეში ზოგჯერ მხოლოდ ესთეტიკის გამო შეიძლება ჩაიხედო. მაგრამ როდესაც საკუთარ თავს დაკვირვებით შეხედავ, სევდასა და დაღლილობასთან ერთად იმასაც დაინახავ, რამხელა მოთმინება და გამოცდილება მოჰყვა ამ ყველაფერს. ეს უკვე დამარცხების სევდა აღარ არის — უფრო გავლილი გზის განცდაა, რომელსაც შინაგანი სიმტკიცე და საკუთარი გამოცდილების გააზრება ახლავს.
თითქმის ათწლიანი თანამდებობრივი ცხოვრების მიუხედავად, თანამდებობიდან წასვლის შემდგომი იდენტობის კრიზისი არ განმიცდია. ვგრძნობდი ემოციურ დაღლილობას, მაგრამ არა საკუთარი თავის დაკარგვას. ალბათ იმიტომ, რომ თანამდებობა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო, თუმცა არასოდეს მინდოდა, ჩემი პიროვნების ერთადერთ განმსაზღვრელად ქცეულიყო.
სწორედ აქ ჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა: ვინ რჩება ადამიანი მაშინ, როდესაც თანამდებობა მის ყოველდღიურობას აღარ განსაზღვრავს?
საჯარო თანამდებობა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, გავლენა მოახდინოს პროცესებზე, მიიღოს გადაწყვეტილებები და შექმნას ინსტიტუციური რეალობა. მაგრამ იგი განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ გარემოსაც ქმნის: ადამიანი შეიძლება ნელ-ნელა საკუთარ როლთან გაიგივდეს და თანამდებობისგან მომდინარე ყურადღება პირად მნიშვნელობად მიიღოს. ასეთ შემთხვევაში ძალაუფლების დასრულება მხოლოდ სამუშაო ადგილის შეცვლა აღარ არის — იგი პირად სიცარიელედ იქცევა.
ამ ზღვარის დანახვა ადვილი არ არის. სანამ სისტემის ცენტრში იმყოფები, შეხვედრები, გადაწყვეტილებები, პასუხისმგებლობები და გარემოს მუდმივი რეაქცია მუდმივობის ილუზიას ქმნის. სინამდვილეში კი ძალაუფლების ერთ-ერთი მთავარი თვისება მისი დროებითობაა.
თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პირველად — ან პირველად ასე ნათლად — ხედავ, რა იყო შენ გარშემო ნამდვილი და რამდენი რამ იყო დაკავშირებული არა შენს პიროვნებასთან, არამედ შენს პოზიციასთან. მაგრამ იმავე მომენტში ჩნდება ახალი შესაძლებლობაც: საკუთარი თავი თანამდებობის გარეშე დაინახო.
ზოგჯერ თანამდებობა არა მხოლოდ შესაძლებლობა, არამედ ჩარჩოცაა — სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ყოველდღიურობას, ენას, ქცევასა და თვითაღქმას. ამიტომ წასვლა ყოველთვის მხოლოდ დანაკარგი არ არის. ზოგჯერ იგი გათავისუფლებაცაა: შესაძლებლობა, კვლავ საკუთარ თავს შეხვდე და იკითხო, რა შეგიძლია მაშინ, როდესაც ფორმალური ძალაუფლება აღარ გაქვს, მაგრამ გაქვს გამოცდილება, ცოდნა, პასუხისმგებლობის განცდა და სათქმელი.
თუ ადამიანის მთელი იდენტობა მხოლოდ სტატუსზე იყო აგებული, ძალაუფლების დასრულებას სიცარიელე მოჰყვება. მაგრამ თუ თანამდებობის მიღმაც არსებობდა იდეები, შინაგანი სიმტკიცე და აზროვნების უნარი, მაშინ წასვლა დასასრული აღარ არის — იგი ახალი ეტაპის დასაწყისი ხდება.
თანამდებობის დასრულება პოლიტიკისგან განდგომას არ ნიშნავს, ისევე როგორც საზოგადოებრივ საკითხებზე საუბრის გაგრძელება — თანამდებობისადმი მიჯაჭვულობას. ფორმალური ძალაუფლების გარეშეც რჩება შესაძლებლობა, იფიქრო, შექმნა, მიღებული გამოცდილება სხვებს გაუზიარო და საზოგადოებრივ პროცესებზე გავლენა მოახდინო.
დროთა განმავლობაში მაისის თოვლიც დნება. ქრებიან ის ადამიანებიც, რომლებიც მხოლოდ თანამდებობას ახლდნენ. მაგრამ რჩებიან ისინი, რომელთა ერთგულებას პოლიტიკური კალენდარი არ განსაზღვრავს. რჩება გამოცდილება და შესაძლებლობა, დახურულ კარს დასასრულად კი არა, ახალი სივრცის დასაწყისად შეხედო.
საბოლოოდ, მთავარი ის კი არ არის, რამდენი ადამიანი იდგა შენს გარშემო ძალაუფლების დროს. მთავარი ისაა, ვინ დარჩა მაშინ, როდესაც მაისის თოვლი დადნა — და ვინ დარჩი შენ.
