დავით გაბაიძე
← მოსაზრებები

მოსაზრება / ისტორია და კულტურა

ტბელობა - სახალხო დღესასწაული, რომელიც ისტორიულ მეხსიერებას ინახავს

ტბელობა - სახალხო დღესასწაული, რომელიც ისტორიულ მეხსიერებას ინახავს

ტბელობას ვულოცავ სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი სხალთა-ხიხანის ხეობის მცხოვრებლებსა და ჩემს ძვირფას ხიხაძირლებს. ეს დღე მუდამ გვახსენებდეს იმ ფასეულობებს, ცოდნასა და სულიერ ძალას, რაც თაობებს ერთმანეთთან გვაკავშირებს და მომავლისკენ გზას გვიკვალავს.

არსებობს დღესასწაულები, რომლებიც მხოლოდ კალენდარში მონიშნულ თარიღებად რჩება, და არსებობს ისეთებიც, რომელთა მნიშვნელობა თავად ზეიმის ფარგლებს სცდება. ისინი წარსულსა და აწმყოს შორის ერთგვარ ხიდად იქცევა და გვახსენებს არა მხოლოდ იმას, ვინ იყო კონკრეტული ადამიანი, არამედ იმასაც, ვინ ვართ ჩვენ და რის დამახსოვრებას ვირჩევთ.

ტბელობა სწორედ ასეთი დღესასწაულია. მისი ისტორია 1979 წელს იწყება. პირველი ტბელობა სხალთა-ხიხაძირის ხეობაში გაიმართა და XIII საუკუნის ქართველი მწერლის, მეცნიერის, მოაზროვნისა და სასულიერო მოღვაწის, ტბელ აბუსერისძის სახელს მიეძღვნა. მოგვიანებით კი იგი ტრადიციად ჩამოყალიბდა. 2002 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ტბელ აბუსერისძე წმინდანად შერაცხა, რამაც მის ხსოვნას სასულიერო მნიშვნელობაც შესძინა.

თუმცა ტბელობის არსს მხოლოდ თარიღებისა და ისტორიული ფაქტების ჩამოთვლა ვერ გადმოსცემს. ტბელ აბუსერისძის ფიგურა გვახსენებს, რომ შუა საუკუნეები მხოლოდ ბრძოლების, მეფეებისა და ტაძრების ეპოქა არ ყოფილა. მაშინაც არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ სამყაროს შემეცნებას, ცოდნის სისტემატიზაციას, წერას, სწავლებასა და ფიქრს. მის მემკვიდრეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქრონოლოგიურ და ასტრონომიულ-კალენდარულ საკითხებზე მსჯელობას, სასულიერო მწერლობასა და ისტორიულ ცნობებს. ეს ყველაფერი XIII საუკუნის ქართულ ინტელექტუალურ ცხოვრებას გაცილებით მრავალფეროვან სივრცედ გვაჩვენებს. აქ ჩნდება მთავარი კითხვა:

რატომ უნდა ახსოვდეს XXI საუკუნის ადამიანს რვა საუკუნის წინ მცხოვრები მოაზროვნე?

ალბათ იმიტომ, რომ საზოგადოება მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, რასაც დღეს ქმნის. იგი იმითაც განისაზღვრება, რასაც საკუთარი წარსულიდან ინახავს და მომავალ თაობებს გადასცემს. ისტორიული მეხსიერება თავისთავად არ არსებობს, მას შენარჩუნება სჭირდება. წარსულში უამრავი ადამიანი ცხოვრობდა, მაგრამ საზოგადოებრივ მეხსიერებაში მხოლოდ მცირე ნაწილი რჩება. ამიტომ დღესასწაული მხოლოდ წარსულის გახსენება არ არის. იგი გარკვეული არჩევანიცაა. თუ საზოგადოება ყოველწლიურად იკრიბება ადამიანის სახელის გარშემო, რომელიც საუკუნეების წინ წერდა, სწავლობდა და ქმნიდა, ამით იგი მხოლოდ მის ბიოგრაფიას არ იმეორებს. იგი საკუთარ თავსაც ეუბნება, რომ ცოდნა, განათლება, აზროვნება და კულტურა ფასეულობებია, რომელთა დამახსოვრებაც ღირს. სწორედ ამაშია ტბელობის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელობა, იგი ისტორიულ მეხსიერებას ხილულს ხდის.

ჩემთვის კი ტბელობას კიდევ ერთი, პირადი განზომილებაც აქვს. ტბელ აბუსერისძე იმ ხეობიდან იყო, სადაც ჩემი სოფელია, და ტბელობაც სწორედ ხიხაძირში იმართება. ამიტომ ეს დღესასწაული ჩემთვის მხოლოდ ისტორიული ფაქტი ან კულტურული ტრადიცია არ არის. იგი დაკავშირებულია ადგილთან, ადამიანებთან და გარემოსთან, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობ. ალბათ ამიტომაც უფრო მძაფრად ვგრძნობ, რომ ისტორიული მეხსიერება ყველაზე ცოცხალი სწორედ მაშინ არის, როდესაც იგი კონკრეტულ მიწას და პირად განცდას უკავშირდება.

ამავე დროს, ეს კავშირი ტბელობის უფრო ფართო ისტორიულ მნიშვნელობასაც წარმოაჩენს. ტბელ აბუსერისძის მემკვიდრეობა გვახსენებს, რომ სხალთა-ხიხანის ხეობა საუკუნეების წინ ქართული კულტურული სამყაროსგან მოწყვეტილი პერიფერია არ ყოფილა. აქ მცხოვრები ადამიანი ქმნიდა ტექსტებს, მსჯელობდა სამეცნიერო და სასულიერო საკითხებზე და მონაწილეობდა თავისი ეპოქის ინტელექტუალურ ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით, ტბელობა აჭარის ისტორიაზეც კიდევ უფრო მეტს ამბობს. იგი გვახსენებს, რომ საქართველოს კულტურული ისტორია მხოლოდ დიდი ქალაქების ისტორია არ არის. ცოდნასა და კულტურას თავისი მძლავრი კერები მთაში, სხვადასხვა ხეობებსა და სოფლებშიც ჰქონდა.

თუმცა ნებისმიერ ტრადიციას დროთა განმავლობაში ერთი საფრთხე ემუქრება - ფორმამ შეიძლება შინაარსი ჩაანაცვლოს. შეიძლება დარჩეს სცენა, მუსიკა, სიტყვით გამოსვლები, სტუმრები და მილოცვები, მაგრამ თანდათან დაიკარგოს პასუხი მთავარ კითხვაზე: სინამდვილეში რატომ შევიკრიბეთ?

ტრადიციას სიცოცხლეს მხოლოდ ყოველწლიური გამეორება არ უნარჩუნებს. მნიშვნელოვანია, რომ ყოველ ახალ თაობას შეეძლოს მისი მნიშვნელობის გააზრება. ამიტომ ტბელობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაც სწორედ ეს უნდა იყოს: ტბელ აბუსერისძე მხოლოდ ისტორიულ სახელად არ დარჩეს. ახალგაზრდებმა უფრო მეტი უნდა იცოდნენ მისი ნაშრომების, ეპოქისა და ინტელექტუალური მემკვიდრეობის შესახებ. თავად დღესასწაულიც უნდა იქცეს ცოცხალ სივრცედ განათლებაზე, მეცნიერებაზე, ისტორიასა და კულტურაზე სასაუბროდ. მაშინ ტბელობა მხოლოდ წარსულისადმი პატივისცემის დღე აღარ იქნება. იგი მომავალზე ფიქრის მიზეზადაც იქცევა.

საბოლოოდ, ისტორიული მეხსიერების არსი სწორედ იმაშია, რომ წარსულს ვერ შევცვლით, მაგრამ შეგვიძლია თავად ავირჩიოთ, რას წამოვიღებთ იქიდან მომავლისთვის. ტბელ აბუსერისძის მემკვიდრეობიდან კი წამოსაღები ბევრი რამ არის. ეს შეიძლება იყოს ცოდნისადმი დაუოკებელი ინტერესი, აზროვნების კულტურა და რწმენა იმისა, რომ ადამიანის მიერ შექმნილი სიტყვა და იდეა ხშირად მის ეპოქაზე გაცილებით დიდხანს ცოცხლობს. რვა საუკუნის შემდეგაც მისი სახელი კვლავ აერთიანებს ადამიანებს.