დავით გაბაიძე
← მოსაზრებები

მოსაზრება / პოლიტიკა და საზოგადოება

ველოსიპედის ფარდულის პარადოქსი

ველოსიპედის ფარდულის პარადოქსი

შესაძლოა პრობლემა ის კი არ არის, რომ პატარა საკითხებზე ვკამათობთ, არამედ ის, რომ ამ კამათში დიდ საკითხებზე სასაუბროდ დრო აღარ გვრჩება.

რატომ იქცევა ზოგჯერ პატარა საკითხი დიდი კამათის საგნად?

წარმოიდგინეთ რაღაც კომიტეტი, რომლის დღის წესრიგშიც ორი საკითხია:

1. უაღრესად ძვირადღირებული და ტექნიკურად რთული ატომური რეაქტორის მშენებლობა;

2. თანამშრომლებისთვის ველოსიპედების პატარა ფარდულის მოწყობა;

ლოგიკურად, ყველაზე მეტი დრო პირველ საკითხს უნდა დაეთმოს. ატომური რეაქტორი ხომ უზარმაზარ თანხას, უსაფრთხოებასა და პასუხისმგებლობას უკავშირდება. მაგრამ ხშირად ყველაფერი პირიქით ხდება. რეაქტორის საკითხს კომიტეტი შედარებით სწრაფად გაივლის. თემა იმდენად რთულია, რომ უმრავლესობას პროფესიული კამათისთვის საკმარისი ცოდნა არ აქვს. დოკუმენტებს გადახედავენ, სპეციალისტებს მოუსმენენ და გადაწყვეტილებას მიიღებენ.

შემდეგ დგება ველოსიპედის ფარდულის ჯერი. აი აქ დაიწყება ნამდვილი დემოკრატია. რამდენად დიდი უნდა იყოს? რა მასალისგან აშენდეს? რატომ აქ და არა იქ? სახურავი როგორი ჰქონდეს? იაფად ხომ არ გამოვა? საერთოდ საჭიროა? უცებ ყველას აქვს აზრი. და, რაც მთავარია — არგუმენტიც.

სწორედ ამ ირონიული მაგალითით აღწერა ბრიტანელმა ისტორიკოსმა და მწერალმა სირილ ნორთკოტ პარკინსონმა ფენომენი, რომელსაც „ტრივიალურობის კანონი“ — Law of Triviality ეწოდა. მისი არსი მარტივია, ადამიანთა ჯგუფები ხშირად არაპროპორციულად დიდ დროს უთმობენ მარტივ საკითხებს, ხოლო რთულ და გაცილებით მნიშვნელოვან თემებს შედარებით სწრაფად გადიან.

რატომ ხდება ასე? ადამიანს ბუნებრივად სურს მონაწილეობა. სურს აჩვენოს, რომ მასაც აქვს პოზიცია და სათქმელი. მაგრამ რთულ საკითხზე პოზიციის დაფიქსირებას ცოდნა სჭირდება. ატომურ რეაქტორზე მსჯელობისას შესაძლოა საჭირო იყოს ინჟინერიის, ფიზიკის, ფინანსებისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა. ველოსიპედის ფარდულზე კი თითქმის ყველას შეუძლია თქვას: „მე ასე არ გავაკეთებდი.“

აქ ჩნდება მთავარი ფსიქოლოგიური მექანიზმიც, რაც უფრო მარტივია საკითხი, მით უფრო მეტ ადამიანს ეჩვენება, რომ მასზე კომპეტენტური აზრი აქვს. დიდ საკითხზე ცოტას აქვს სათქმელი. პატარაზე კი თითქმის ყველას აქვს საკუთარი აზრი.

პოლიტიკაც სავსეა ველოსიპედის ფარდულებით და შესაბამისად, იგივე ლოგიკა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც გვხვდება. შეიძლება იდგეს დემოგრაფიის, განათლების, ეკონომიკის, დეცენტრალიზაციის, ტერიტორიული მოწყობის ან ინსტიტუციური ეფექტიანობის პრობლემები. მათზე მარტივი პასუხები თითქმის არ არსებობს. საჭიროა მონაცემები, კვლევა, ცოდნა და ზოგჯერ საკმაოდ უხერხული ფრაზის თქმაც: „ზუსტად არ ვიცი.“

სამაგიეროდ, შეიძლება გამოჩნდეს ვინმეს ორიოდე სტრიქონიანი ფრაზა, ჟესტი ან სხვა უმნიშვნელო დეტალი და სწორედ ის გადაიქცეს დღის მთავარ თემად. მას ყველა აიტაცებს, წამყვანი საინფორმაციო საშუალებები პირველ გვერდზე გამოიტანებენ, ჩატებში კი კონვეიერულად გავრცელდება. მიზეზიც მარტივია: ასეთ საკითხზე არც ასგვერდიანი ანგარიშის წაკითხვაა საჭირო, არც სტატისტიკის ცოდნა და არც განსაკუთრებული კომპეტენცია. საკმარისია თქვა: „მომწონს“ ან „არ მომწონს“ — და აი, პოლიტიკური ველოსიპედის ფარდულიც მზად არის.

ეს არ ნიშნავს, რომ პატარა დეტალები ყოველთვის უმნიშვნელოა. ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც დისკუსიის მასშტაბი საკითხის რეალურ მნიშვნელობას აღარ შეესაბამება. პატარა საკითხზე გამარჯვებაც ხომ უფრო ადვილია. წარმოიდგინეთ პოლიტიკოსი ან საჯარო მოხელე, რომელიც საათობით განიხილავს დემოგრაფიულ პრობლემას. სხდომის ბოლოს პრობლემა ისევ იქ არის. არც შობადობა გაზრდილა, არც ემიგრაცია შემცირებულა და არც წაკითხულის გააზრების მაჩვენებელი არ გაზრდილა. ახლა იგივე ადამიანი ველოსიპედის ფარდულის სახურავს განიხილავს. მან სხვა მასალა შესთავაზა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა. სხდომის ბოლოს შეიძლება სრულიად სამართლიანი კმაყოფილებით თქვას, რომ „რაღაც მაინც შევცვალე.“

დიდი პრობლემები ადამიანს ხშირად საკუთარი შესაძლებლობების შეზღუდულობას ახსენებს. პატარა პრობლემა კი სწრაფად აძლევს გამარჯვების განცდას. პრობლემა პროპორციაშია პარკინსონი არ გვეუბნება, რომ ველოსიპედის ფარდული არ განვიხილოთ. კითხვა სხვა რამეშია - რატომ ვართ ფარდულის განხილვისას უფრო აქტიურები, ვიდრე ატომური რეაქტორის განხილვისას? თუ რამდენიმე მილიონიანი გადაწყვეტილება ათ წუთში მიიღება, ხოლო უმნიშვნელო ხარჯზე ორი საათი იხარჯება, ბუნებრივად ჩნდება კითხვა:

მართლა საკითხის მნიშვნელობას განვიხილავთ თუ უბრალოდ იმას, რაზეც საუბარი უფრო ადვილია?

ზოგჯერ ცოდნის ნაკლებობაზე უფრო სახიფათო ცოდნის ილუზიაა. რთულ საკითხზე „არ ვიცი“ ხშირად უფრო გონივრული პასუხია, ვიდრე დიდი თავდაჯერებით ნათქვამი ნახევრად ცოდნა. მაგრამ საჯარო სივრცეში ადამიანს ხშირად ჰგონია, რომ ყველაფერზე პოზიცია უნდა ჰქონდეს.

„არ ვიცი“ ცუდად ჟღერს. „მე ვფიქრობ...“ — გაცილებით უკეთ.

ასე იზრდება „ველოსიპედის ფარდულების“ რაოდენობაც. რთულ პრობლემას ხშირად ექსპერტული ცოდნა სჭირდება. მარტივ პრობლემას კი ზოგჯერ მიკროფონიც ჰყოფნის.

როგორ გავიგოთ, რომ ფარდულში აღმოვჩნდით?

აქ რამდენიმე კითხვა შეიძლება დაგვეხმაროს: რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი რეალურად? რამდენად შეესაბამება მას დისკუსიის მასშტაბი? ხომ არ ვსაუბრობთ დეტალზე იმიტომ, რომ მთავარ პრობლემაზე საუბარი უფრო რთულია? და, ალბათ, ყველაზე საინტერესო: არის თუ არა სადისკუსიო სივრცეში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ყველა ჩუმად არის?

ველოსიპედის ფარდული არ ქრება. პარკინსონმა ეს ისტორია თითქმის სამოცდაათი წლის წინ დაწერა, მაგრამ მისი ირონია დღესაც კარგად მუშაობს. შეიცვალა ტექნოლოგიები და პოლიტიკური კომუნიკაცია. კომიტეტის სხდომას სოციალური ქსელებიც დაემატა, სადაც ველოსიპედის ფარდულის სახურავის განხილვას უკვე არა ათი, არამედ ათასობით ადამიანი შეიძლება შეუერთდეს. ადამიანური ბუნება კი დიდად არ შეცვლილა. კვლავ გვიზიდავს საკითხები, რომელთა გაგებაც ადვილია და რომლებზეც მკაფიო პოზიციის დაფიქსირება შეგვიძლია. ხშირად კი ყველაზე რთული საკითხები სწორედ იმიტომ რჩება ჩრდილში, რომ მათზე მარტივი პასუხი არ არსებობს.

ამიტომ, როდესაც დავინახავთ პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ დისკუსიას, რომელიც ერთი პატარა დეტალის გარშემო უსასრულოდ გრძელდება, შეიძლება პარკინსონის კომიტეტი გაგვახსენდეს.

გაგვახსენდეს, რომ იქ სადღაც უკვე აშენებენ ატომურ რეაქტორს, მაგრამ ფარდულის სახურავზე კონსენსუსი ჯერ კიდევ მოსაძებნია.

და შესაძლოა პრობლემა ის კი არ იყოს, რომ პატარა საკითხებზე ვკამათობთ, არამედ ის, რომ ამ კამათში დიდ საკითხებზე სასაუბროდ დრო აღარ გვრჩება.